ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ მიზნად ისახავს უზრუნველყოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერა,  ასევე ხელი შეუწყოს საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში  ამ სექტორების წვლილის ზრდას მდგრად ჰუმანიტარულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა პროექტის მენეჯმენტი, კულტურის სფეროს ლიდერის როლი, კულტურული და სტატისტიკური კვლევა, ადვოკატირება, ფონდების  მოზიდვა-დაფინანსების მოპოვება, აუდიტორიის კვლევა, ჟურნალისტიკა კულტურაში, ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა რეგიონული მასშტაბისაა, იგი მონაწილე ქვეყნებზეა მორგებული და ადგილობრივად შერჩეული მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კოორდინატორები ძირითადი გუნდის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. პროგრამა ხორციელდება 2015 წლიდან 2018 წლამდე.

პროგრამის მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: მეფინგი, ტრენინგები, ონლაინ მეცადინეობები, სასწავლო ტურები, პარტნიორობის ხელშემწყობი ღონისძიებები: გამოფენები, კულტურის სფეროს ლიდერობის ინიციატივები, სამუშაო ჯგუფები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, პრაქტიკული სახელმძღვანელოების შექმნა, დარგობრივი ჯილდოების დაწესება, საინფორმაციო ბიულეტენების შექმნა, პროფესიული კავშირების დამყარება,  სპეციალურად შექმნილი ვებგვერდების გამოყენება.

პროგრამა მიზნად ისახავს კულტურისა და შემოქმდებითი სფეროების მხარდაჭერას ექვსივე ქვეყანაში, რაც განხორციელდება შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგებით, კულტურის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული ქსელის შექმნით, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით.

ინტენსიური სატენდერო პროცესის შედეგად, ევროკავშირის გადაწყვეტილებით პროგრამას  ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც სათავეში უდგას ბრიტანეთის საბჭო,  და რომლის წევრებიც ასევე არიან სოროსის ფონდი მოლდავეთში, პოლონეთის კულტურის ნაციონალური ცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი. პროგრამა დაფუძნებულია აღმოსავლეთ პარტიორობის კულტურის პროგრამის პირველ ფაზაზე (2011-2014 წ.წ.), რომელიც ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო პროექტებს მოიცავდა.

2015 წლის 17-18 სექტემბერს თბილისში  პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილი რეგიონალური კონფერენცია გაიმართა.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ან ფეისბუქის გვერდს. საქართველოში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს საქართველოში -  მაია დარჩიას.

 

გარე ბმულები