©

Photo by Mat Wright

ეკატერინე მაზმიშვილი ტოტალური თეატრალური პრემიის  შემფასებელთა გუნდის წევრი გახდა. ის პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლების შეფასებაში მონაწილეობას მიიღებს  ედინბურგის ფრინჯ ფესტივალის მსვლელობისას 2017 წლის აგვისტოში.   

ტოტალური თეატრალური პრემია (TTA) დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პრემიაა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ფართო სპექტრის ცნობადობის ამაღლებას დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ. პრემიისთვის მონაწილეთა შერჩევა ყოველწლიურად იმართება მსოფლიოში უდიდესი არტ ფესტივალის - ედინბურგის ფრინჯ ფესტივალის ფარგლებში. ტოტალური თეატრალური პრემიის გუნდი ეცნობა  თეატრის  ინოვაციურ სახეობებს, რომლებიც ცდებიან კლასიკური თეატრის საზღვრებს;  მათ შორისაა,  შეთხზული  თეატრი (devised theatre), ლაივ არტი, ვიზუალური პერფორმანსი, მიმების თეატრი, თოჯინური, ფიზიკური, ექსპერიმენტული, ქორეოგრაფიული თეატრები, კლოუნების, ცირკის, ქუჩის, გარე სივრცეებზე ორიენტირებული და მაყურებლების ჩართულობაზე გათვლილი პერფორმანსები და ა.შ. 

2017 წელს ბრიტანეთის საბჭოს მიწვევით თეატრალური სექტორის წარმომადგენლებს   საქართველოდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ  ტოტალური თეატრალური პრემიის მუშაობაში  შემფასებლის ან ჟიურის წევრის როლში. 

ტოტალურ თეატრალურ პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლების შეფასება ხდება ბრიტანელი და უცხოელი ხელოვანების, კრიტიკოსების, პროდიუსერების, პრეზენტერების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, თეატრის პროფესიონალებისგან შემდგარი შემფასებელბისა და ჟიურის ორი პანელის მიერ. ამ პროცესში მონაწილეობა არის  პროფესიული განვითარების და ახალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობა.