თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თანამშრომლობს Encounters კინოფესტივალთან და უოთერშედ ბრისტოლთან, რათა ორგანიზება გაუწიოს 90 წამიან ფილმების კონკურსს DepicT! რომელიც ტარდება „ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი კულტურული ჰორიზონტები“-ს ფარგლებში. #UKGeorgia2019

რას წარმოადგენს ეს კონკურსი?

კონკურსი სახელწოდებით DepicT!  უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

DepicT! კონკურსი შორტლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, რომლებიც მეტწილად შესაძლოა იყვნენ თავიანთი კარიერის ადრეულ ეტაპზე, შესაძლებლობას აძლევს მიწვეულ იქნან როგორც თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე, ისე Encounters საერთაშორისო ფესტივალზე და მათ ფართო აუდიტორიას  გააცნონ თავიანთი ნამუშევრები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან. 

DepicT!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გაინტერესებთ კინო? მაშინ მიიღეთ გამოწვევა DepicT! გადაიღეთ 90 წამიანი ფილმი და ცადეთ მოიგოთ 

  • სრულად დაფინანსებული დასწრება ბრისტოლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფულადი ჯილდო  £500-ის ოდენობით (ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის  - IELTS დაფინანსება (ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფილმის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • ფილმის ჩვენება ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

თვალი ადევნეთ 2019 წლის კონკურსს ამავე წლის 19 მარტიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და მონაწილეობა სრულიად უფასოა. მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს: თქვენი ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი ან ნაკლები.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ისე მოყვარულებს.
  • განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონდეს მოპოვებული ნებართვა ფილმში გამოყენებული მუსიკის და/ან ფოტოების გამოყენებაზე.
  • ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გამოგზავნა. 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო ფილმი?

  • ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ინგლისურ ენაზე დატანილი ტიტრების ჩათვლით);
  • ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
  • მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2018 წლის სექტემბრისა;
  • კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის 90-წამამდე ხანგრძლივობის ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური, დრამატული, ექსპერიმენტული და ამ ყოველივეს ნაზავი ფილმები;
  • კონკურსში არ დაიშვება რეკლამები
  • ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია.

როგორ და სად  უნდა წარადგინოთ ფილმები?

ფილმები უნდა ატვირთოთ  აქვე მითითებულ ბმულზე  https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე. ნამუშევრების ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0;

ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა შაბათი, 31 აგვისტო, 2019  წელი.

კონკურსზე დაიშვება მხოლოდ ონლაინ ატვირთული ფილმები. 

ვებგვერდზე თუ სხვა პრომო მასალაზე მითითებული იქნება მხოლოდ რეჟისორი (რეჟისორები). შორტლისტში შერჩეულ და/ან გამარჯვებულ რამდენიმე რეჟისორს შორის ერთი პრიზის გადაცემა მოხდება ორგანიზატორების შეხედულებისამებრ.

შენიშვნა: 5-8 მაისს თბილისში იმყოფებოდა ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი რიჩ უორენი, რომელმაც ჩაატარა ვორკშოპი DepicT!-ის შესახებ. დაინტერესებული პირები გაეცნენ კონკურსის DepicT! მოკლე ისტორიას, კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, ფილმების წარდგენის პროცედურებსა და დაწესებულ პრიზებს.

წინასაკონკურსო ვორკშოპი გაიმართა სამშაბათს, 7 მაისს, 16:00 საათზე კაფე-ბარ „პოლიტიკაში“ (აღმაშენებლის გამზ. 164). რიჩ უორენმა მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.