გთავაზობთ გრეისონ პერის გამოფენის "მცირედი განსხვავებების ამაოება"უფასო ვირტუალურ ექსკურსიას.
გიწვევთ გრეისონ პერის ვირტუალურ გამოფენაზე "მცირედი განსხვავებების ამაოება", რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს იხილოს ექვსი არაჩვეულებრივი გობელენი ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან. გრეისონ პერი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ხელოვანი და ტერნერის პრიზის მფლობელია. ის აღიარებულია როგორც კერამიკული, სკულპტურული, გრაფიკული თუ ფერწერული ნამუშევრების და გობელენების ავტორი. ვირტუალური ექსკურსია საშუალებას გაძლევთ დეტალურად დაათვალიეროთ თითოეული გობელენი და იხილოთ ვიდეოები, სადაც სხვადასხვა ხელოვანების აუდიო კომენტარებიცაა ჩართული ისე, თითქოს თავად იმყოფებოდეთ სერ მოდერნ გალერიში (ანკარა, თურქეთი), სადაც აღნიშნული ნამუშევრები ამჟამადაა გამოფენილი.
გობელენების შექმნის ისტორია
გრეისონ პერის გობელენების შექმნა შთააგონა მე-18 საუკუნეში მოღვაწე მხატვრის უილიამ ჰოგარტის სატირულმა ნახატმა - "ქარაფშუტა კაცის კარიერა." პერის გობელენები ასახავენ გამოგონილი პერსონაჟის ტიმ რეიკველის ცხოვრებას და "სოციალურ კიბეზე აღმასვლას". გობელენების შექმნამდე გრეისონ პერიმ დიდი ბრიტანეთის მრავალ ქალაქში იმოგზაურა; იკვლევდა თუ რა არის ,,გემოვნება'' და რამდენად განსხვავებულია მისი აღქმა ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონში თუ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში. "მცირედი განსხვავებების ამაოება" მდიდარია როგორც შინაარსით, ისე ფერებით; ის ასახავს ბრიტანული ცხოვრების თავისებურებებს და უცნაურობებს იქნება ეს ინტერირერი, ბრიტანული სამზარეულო, პოლიტიკური პროტესტი თუ ჭორები პოპულარულ ადამიანებზე.