500-ზე მეტ ბრიტანულ სკოლა-პანსიონში ყოველწლიურად ათასობით უცხოელი სტუდენტი ჩადის. ისინი ბრიტანეთში სწავლების უმაღლესი ხარისხის, სრულყოფილი სასწავლო გარემოსა და რესურსების ხელმისაწვდომობის, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირისა და კლასგარეშე საქმიანობებში ჩართვის შესაძლებლობათა გამო ჩადიან.
ბევრი მოსწავლისთვის ბრიტანეთში სწავლა ერთ-ერთი უმთავრესი ცხოვრებისეული მოვლენა და განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელიც მათი ზრდასრული ცხოვრების სასტარტო ეტაპი ხდება.
რა არის სკოლა-პანსიონი?
სკოლა-პანსიონი საცხოვრებელი ტიპის სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლობს და ცხოვრობს სასწავლო წლის განმავლობაში. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საცხოვრებელ ადგილს, უმეტესად სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ და დღის განმავლობაში გაკვეთილებს ესწრებიან.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში ცხოვრობს; თუმცა, ზოგი სკოლა იღებს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც სასწავლო დღის ბოლოს შინ ბრუნდებიან.
ბრიტანეთში ძირითადად ორი ტიპის სკოლა-პანსიონი არსებობს: სახელმწიფო და კერძო.
სახელმწიფო სკოლა-პანსიონებში სწავლის უფლება აქვთ ბავშვებს, რომლებიც არიან ბრიტანეთის მოქალაქეები და შესაბამის ასაკში აიღებენ ბრიტანულ პასპორტს, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე პირებს.
ბრიტანეთის სკოლა-პანსიონები გამოირჩევა როგორც სწავლების, ასევე მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვის უმაღლესი ხარისხით. თქვენ იხდით საცხოვრებლისა და კლასგარეშე საქმიანობათა ხარჯებს, ხოლო სახელმწიფო იხდის განათლების ხარჯებს.
დამოუკიდებელი სკოლა-პანსიონები (რომლებიც ბრიტანეთში ცნობილია, როგორც საჯარო სკოლები, ხოლო სხვა ქვეყნებში მათ კერძო სკოლებად იხსენიებენ) მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების უმაღლეს ხარისხს, შესანიშნავ გარემოს და უცხო ქვეყანაში სწავლის სრულიად განსაკუთრებულ გამოცდილებას.
ბევრი სკოლა-პანსიონი მოსწავლეს სთავაზობს სწავლას დღის საათებში. მოსწავლეთა ასაკი 7-დან 18 წლამდეა. ზოგ სკოლაში მოსწავლეთა ასაკი შეუზღუდავია, სხვებში კი სწავლობენ მხოლოდ კონკრეტული ასაკის მოსწავლეები: 7-დან 13 წლამდე, ან 11-დან 18 წლამდე.