ყოველწლიურ ქართულ-ბრიტანულ მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრაზე სახელწოდებით „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა სერ ალან დუნკანმაოფიციალური განცხადება გააკეთა „ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტის“ შესახებ. პროგრამა სახელწოდებით ,,ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტი“ განხორციელდება 2019 წლის სექტემბერიდან დეკემბრამდე პერიოდში და იგი მიეძღვნება ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესისა და სპორტის მიღწევების დემონსტრირებას. ეს იქნება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული მდიდარი და ნაყოფიერი ურთიერთობების ერთგვარი დღესასწაული.
პროგრამის ,,ბრიტანეთი/საქართველო:ახალი ჰორიზონტი’’ - ფარგლებში ჩატარდება ფესტივალები, გამოფენები, მასტერ კლასები, დისკუსიები და ლექციები მუსიკის, კინოს და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირველად საქართველოში მოეწყობა დავით აღმაშენებლის ერთადერთი შემორჩენილი მონეტის გამოფენა, რომელზეც თავად დავით მეფეა გამოსახული. ეს გამოფენა ჩატარდება ბრიტანეთის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობით. გამოფენის თარიღი დაზუსტდება 2019 წელს. ბრიტანული სეზონის კულტურულ მიმართულებას ბრიტანეთის საბჭო უხელმძღვანელებს.
ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტის სეზონის ყურადღების ცენტრშია საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეები 18-დან 35 წლამდე, განსაკუთრებით კი ქალები.
როგორც ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში - ზაზა ფურცელაძე აცხადებს: „ბრიტანული სეზონის სულისჩამდგმელი იქნება ახალგაზრდობა. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალგაზრდულ ბორდს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ პროგრამის აქტივობების დაგეგმვაში. ამით ყოველი აქტივობა მორგებული იქნება მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე“ .
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ხელოვნება გააცნონ ახალ აუდიტორიას და დაამყარონ კავშირები კულტურის სფეროში. ეს დაგვეხმარება ვაქციოთ შშმ პირთა ხელოვნება ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად და შემოქმედებითი სფერო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც პროგრამის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ.
ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტის ოფიციალურ გამოცხადებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკკენზი სმიტი ამბობს: „საქართველოში ბრიტანული სეზონით ჩვენ გვსურს დავეყრდნოთ ჩვენს მჭიდრო და ხანგრძლივ მეგობრობას და სამომავლოდ დავსახოთ თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტი. მოხარული ვარ, რომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს ქართულ საზოგადოებას საუკეთესო პოზიციიდან წარვუდგინოთ ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესის და სპორტის მიღწევები“.