დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონი დასრულდა, მაგრამ კავშირები, ურთიერთობები და შთაბეჭდილებები, რომლებიც მან მოიტანა, დიდხანს გასტანს. ჩვენ ვესაუბრეთ ნინო წითლანაძეს, სეზონის ახალგაზრდული ბორდის წევრს მის მონაწილეობაზე პროგრამაში, და იმაზე, როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას მის მომავალ საქმიანობაში.
გაიცანით ნინო, კრეატიული კომუნიკაციის სპეციალისტი ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორის ხარისხით და კომუნიკაციასა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით. ნინომ პირველად ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო 2015 წელს ევროკავშირი-აღმოსავლეთის პარტიორობის პროგრამის კულტურის ლიდერის სტატუსში. მოგვიანებით, როდესაც პროგრამის ვებსაიტის წარმომადგენლის პოზიციაზე, იგი წერდა სტატიებს და ინტერვიუებს საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან.
„რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს ბრიტანეთის საბჭოში, შესაძლებლობების შექმნაა. ეს უბრალოდ სლოგანი როდია, ეს მთელი ფილოსოფიაა, რომელიც ნამდვილად მოქმედებს, ხორციელდება! ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ბრიტანეთის საბჭოს პროფესიონალებთან ერთად მემუშავა.”
ნინო იხსენებს, როგორ ჩაერთო ბრიტანულ სეზონში: „ინტერვიუს ვწერდი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან, ზაზა ფურცელაძესთან. როცა მან პირველად ახსენა ბრიტანული სეზონის ახალგაზრდული ბორდი, მაშინვე ვიფიქრე, რაოდენ საინტერესო იქნებოდა ამ გუნდის წევრობა“.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად ღირებული გამოცდილება იქნებოდა ეს ჩემთვის. მოგვიანებით, მე არა მხოლოდ ახალგაზრდული ბორდის წევრი გავხდი, არამედ დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის პროგრამის მარკეტინგზეც ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა სოციალური მედიის მართვა, კომუნიკაცია, პრეს რელიზები, ვიდეოკონტენტზე მუშაობა. გამოგიტყდებით, რთული იყო. სამი თვის განმავლობაში 60 ღონისძიება ნიშნავდა დაძაბული მუშაობის მრავალ საათს, წნეხს და მუდმივად შეზღუდულ დროს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს შესანიშნავი იყო.
როგორც ხელოვნების სფეროს პროფესიონალი, ნინო დაინტერესდა ნესტას შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამაში მონაწილეობით. ეს პროგრამა მას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი კარიერა წარმართოს, როგორც სამეწარმეო უნარების ტრენერმა. როგორც პიარის და კრეატიულობის მოქმედი ლექტორი და ტრენერი, ნინო დარწმუნებულია, რომ არაფორმალური განათლება საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
რას თვლის ნინო ბრიტანული სეზონის ყველაზე უმნიშვნელოვანეს შედეგად? მისი აზრით სწორედ ბრიტანული სეზონის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ნიშანდობლივი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მაგალითად, დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა პირველად იქნა ჩამოტანილი ბრიტანეთის მუზეუმიდან საქართველოში, ჩვენ მოვაწყვეთ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური ხელოვნების ფორუმი, ასევე ლეგენდარული უეინ მაკგრეგორის სტუდიის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ ქართველ პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეებთან ერთად.
„რასაც განსაკუთრებით ვაფასებ ბრიტანულ სეზონში, ეს ახალგაზრდული ბორდის წევრობაა. ჩვენ, ათი ახალგაზრდა პროფესიონალი სეზონის ელჩები ვიყავით და იმედია, წარმატებით გავართვით თავი. მინდა მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ და ვიმედოვნებ, რომ ის უამრავი კავშირი, რომელიც დამყარდა დიდი ბრიტანეთი/საქართველოს სეზონის მიმდინარეობისას პირად თუ პროფესიულ დონეზე გაგრძელდება.”
ამჟამად ნინოს ახალი გამოწვევაა სოციალური მედია პლატფორმის შექმნა სახელწოდებით “შემოქმედებითი ინდუსტრიის გამოწვევები”. პლატფორმა აერთიანებს კულტურის სფეროში მოღვაწე 300-ზე მეტ მენეჯერს, ხელოვანს, სტარტაპერს, მედიის, მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენელს, რომლებიც შემოქმედებით ინდუსტრიას უკავშირდებიან. თუ გსურთ შეუერთდეთ ამ პლატფორმას, გადადით ბმულზე https://cutt.ly/JtTzcLU