აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის 2012 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც 2012-2013 წლებში განხორციელდა დიდი ბრიტანეთისა და აჭარის თეატრების პარტნიორობის პროექტი. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე ხორციელდება საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართულ თეატრებში და სხვა საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციებში შემოქმედებითი პროცესების გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას. პროგრამა ხორციელდება ორი მიმართულებით: პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი თანამშრომლობა. 

პროექტის მიზნები:

  • დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს, კერძოდ აჭარას,  შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის განვითარება საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში. 
  • ქართველ და ბრიტანელ თეატრის პროფესიონალებს შორის დიალოგის და ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობების განვითარება და აჭარის თეატრების პროფესიული განვითარების და მათი საერთაშორისო გამოცდილებასთან მიახლოების ხელშეწყობა. 
  • საშემსრულებლო ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების გაზიარება-დამკვიდრება; ხელოვანთა ახალი თაობების, ახალი თეატრალური მიმართულებების მხარდაჭერა; მრავალფეროვანი, აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი რეპერტუარის შექმნით ერთგული მაყურებლის შენარჩუნება და ახალი  აუდიტორიის მოზიდვა. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები

  • 2012 წლის დეკემბერი. ტრენინგი გამნათელბლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გამნათებელთა პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას სპექტაკლების განათების მიმართულებით. ტრეინინგს უძღვებოდა მაიკლ მენიონი.
  • 2013 წლის მაისი. პროგრამირების და პროდიუსირების ტრენინგი, რომელიც მრავალფეროვანი და ინოვაციური ბრიტანული პერსპექტივიდან იკვლევს  ,,კრეატიული პროდიუსირების’’ და თანამშრომლობის ახალ მოდელებს. ტრეინინგს უძღვებოდნენ გარი ჰილზი და დეივიდ მიქლემი.
  • 2013 წლის მაისი. მარკეტინგის და აუდიტორიის განვითარების ტრენინგი, რომლის მიზანი იყო გაეცნო მონაწილეებისთვის აუდიტორიის განვითარების პრინციპები და პრაქტიკა. ტრეინინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ჯო ტეილორი.
  • 2013 წლის ნოემბერი. გახმოვანების ტრენინგი. ტრეინინგმა საშუალება მისცა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ინოვაციური ბრიტანული თეატრის ‘Imitating the dog’-ის სამუშაო პროცესზე. ტრეინინგს უძღვებოდნენ საიმონ უეინრაითი, პიტერ ბრუკი და სტივენ უეიდი. 
  • 2013 წლის დეკემბერი. ბრიტანულმა კომპანიამ 'The Paper Cinema' მაყურებელს წარუდგინა ჰომეროსის პოემის ‘’ოდისეას’’ თავისებური გააზრება კინემატოგრაფიული პროექციის, ცოცხალი მუსიკის  და გარდასახვის  არაჩვეულებრივი სინთეზით, სადაც ქაღალდისგან გამოჭრილი თოჯინებით სავსე ჩემოდანი სცენაზევე გარდაიქმნება ცოცხალ პერსონაჟებად და  ულამაზეს პეიზაჟებად.
  • 2014 წელი.  ბრიტანულ კომპანიასთან „Morris Hargreaves McIntyre (MHM)“ თანამშრომლობით შეიქმნა  აჭარის რეგიონის საშემსრულებლო ხელოვნების აუდიტორიის კვლევისა და რეკომენდაციების დოკუმენტი,  რომლის საფუძველზეც  დაიგეგმა შემდგომი პროფესიული განვითარების ტრენინგები, ხოლო აჭარის თეატრებმა ბრიტანელი ექსპერტის ხელმძღვანელობით შეადგინეს აუდიტორიის განვითარების სტრატეგია და აუდიტორიასთან მუშაობის სამოქმედო გეგმა. 
  • 2014 წლის მაისი. აუდიტორიის განვითარების და მარკეტინგის სტრატეგიის ტრეინინგი, რომელსაც უძღვებოდა ჯეკლინ ჰეი.
  • 2014 წლის ივლისი. აუდიტორიის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების ტრეინინგი, რომელსაც უძღვებოდა ჯეკლინ ჰეი.
  • 2015 წლის თებერვალი.  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სპექტაკლის „ნული საათის“ პრემიერა. სპექტაკლში ცოცხალი შესრულება შერწყმულია წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან და კომპიუტერულ გრაფიკასთან; ყოველივე ეს კი ქმნის სამყაროს, სადაც რთული ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა პრიზმაშია გადმოცემული.
  • 2015 წლის მაისი-ივნისი. მარკეტინგის ოთხი ბრიტანელი ექსპერტი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა აჭარაში მოქმედ ოთხ სახელმწიფო თეატრში. ისინი კონსულტაციებს და პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ აჭარის თეატრებს მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  • 2015 წლის აგვისტო. აჭარის კულტურის და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს  ოთხი  წარმომადგენელი ედინბურგის ფრინჯ ფესტივალთან ერთად ორგანიზებულ  ბრიტანეთის საბჭოს თეატრალურ შოუქეისზე   გაეცნო თანამედროვე ბრიტანული საშემსრულებლო ხელოვნების მრავალფეროვნებას.
  • 2015 წლის ნომბერი. ბრიტანელმა რეჟისორმა თარეკ ისკანდერმა ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა  იგნას კორნელისენის პიესა „ზამთრის ზღაპარი“. ეს არის სპექტაკლი იმის შესახებ თუ როგორ იდგმება თეატრში შექსპირის „ზამთრის ზღაპარი“ და როგორ ვითარდება შემოქმედებითი ჯგუფის პირადი ურთიერთობები სპექტაკლზე მუშაობის პროცესში.   აღნიშნული სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში შევიდა. 
  • 2016 წლის მარტი. შეფასების ინდიკატორების განვითარების ტრენინგი.  ბრიტანელმა ექსპერტმა ჯეკლინ ჰეიმ მონაწილეებს გააცნო ბრიტანეთში მიღებული სტრატეგიულ-ოპერაციული მიზნების მიღწევადობის შეფასების მაჩვენებლები (KPI), მათი აუცილებლობა და სპეციფიკა  საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციებისთვის.
  • 2016 წლის აგვისტო.  ბრიტანულმა თეატრალურმა კომპანია ,,გეკომ’’ ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოადგინა სითბოთი და იუმორით სავსე, სულის შემძვრელი სპექტაკლი  „ინსტიტუტი“, მარტოობაზე და ადამიანურ თანადგომაზე. 
  • 2016 წლის ოქტომბერი. პროგრამირების ტრეინინგი, რომელსაც უძღვებოდა გერი ჰილზი.
  • 2016 წლის ოქტომბერი. ტრეინინგი პროდუქციის მენეჯმენტში.   ტრენინგის დროს ყურადღება დაეთმო სპექტაკლის განხორციელების პროცესს იდეის დაბადებიდან პრემიერამდე და სპექტაკლის რეპერტუარიდან მოხსნის შემდეგაც კი.   ტრეინინგს უძღვებოდა დეივიდ ევანსი.
  • 2016 წლის ნოემბერი. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. დრამატულ თეატრის და კომპანია On the Run-ის  ერთობლივი სპექტაკლის - ,,ცხოვრება გრძელდებას’’ ქართული ვერსიის პრემიერა. მთელი სპექტაკლი მიმდინარეობს უსიტყვოდ, ჟესტების ენითა და რეკვიზიტების საშუალებით.  აღნიშნული სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში შევიდა.
  • 2017 წლის სექტემბერი. ტრენინგი „თეატრის ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობის ინიცირება და განვითარება“. 

გარე ბმულები