პროექტის შესახებ
2013 წელს ბრიტანეთის საბჭომ ევროკავშირის დაფინანსებით ახალი პროექტი წამოიწყო, სახელწოდებით „IDEAS“, რომელიც გამიზნულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას.
საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხის ირგვლივ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის არ შეესაბამება იმ პირთა საჭიროებებს, ვისზეც ეს გადაწყვეტილებებია მიმართული. არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ხშირად უგულებელყოფილია სერვისების მიწოდების სისტემის არაეფექტურობის, სამთავრობო უწყებების არასაკმარისი კონტროლისა და მთავრობის წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ნაკლები გაცნობიერებულობის გამო. ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შესაბამისი ორგანიზაციების, როგორც მთავრობის პარტნიორთა, მეტი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტ „IDEAS“ მიზანია ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდით პოლიტიკის შექმნის პროცესში, რაც, ამავდროულად, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების უფრო ეფექტურ წარმოდგენასა და მათი უფლებების დაცვას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ აზერბაიჯანში, იორდანიაში, ლიბანში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში.