ახალი საგამოფენო გამოცდილების შემოთავაზების მიზნით, ჩვენ ხელოვნება ციფრულ სივრცეში გადავიტანეთ და შევქმენით „თითქმის იქ“. ქართველ კურატორთან თეონა ბურკიაშვილთან ერთად, გამოფენის კურატორები არიან ტატიანა კუჩუბინსკა უკრაინიდან და სეიჰან მუსაოღლუ თურქეთიდან.
„თითქმის იქ“ აერთიანებს ქართველი, უკრაინელი და თურქი ხელოვანების და მათთან ერთად ბრიტანეთის საბჭოს კოლექციაში შემავალ ნამუშევრებს, რომლებიც ქმნიან ვრცელ ჩამონათვალს და წარმოაჩენს ხელოვნებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეოს, ფერფომანსის ჩანაწერს, ფერწერას და ილუსტრაციებს.
მოგზაურობა „ლოკაცია“, „სადღაც შუაში“ და „დისლოკაცია“.
გამოფენა სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება და გვთავაზობს ნამუშევრებს, რომლებიც კაცობრიობის მარადიულ სურვილს გამოხატავს - განვსზღვროთ საკუთარი ადგილი ქვეყანასთან თუ ჩვენსავე შინაგან ასპირაციასთან, ლტოლვასთან მიმართებაში. გამოფენა ერთგვარი წრიული მოგზაურობაა, სადაც დამთვალიერებლები ეცნობიან უნივერსალური იდენტობის იდეას და როლს, რომელსაც ხილული და უხილავი საზღვრები თამაშობენ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გამოფენა მოიცავს როგორც ბრიტანეთის საბჭოს კოლექციის, ისე კლასიკური თუ თანამედროვე თურქი, უკრაინელი და ქართველი ხელოვანების 35 სრულიად განსხვავებულ ნამუშევარს.
ციფრული გამოფენა - ბარიერების დასარღვევად
„თითქმის იქ“ დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს გამოფენა ნახონ ნებისმიერ შუალედში, სრულიად თავისუფლად, ყოველგვარი დროისა თუ ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშე. გამოფენაზე თითოეულ ნამუშევარს ახლავს დეტალური ტექსტური და აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია, ჟესტების ენა, კონტრასტული გამოსახულება და ტექსტის გადიდების შესაძლებლობა, რაც სრულიად თავსებადია ტექსტების ხმოვან ინფორმაციად გარდამქმნელ პროგრამებთან, სპეციალურად მხედველობა დაქვეითებულებისთვის. ეს ყოველივე შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, ვისაც ინტერნეტთან მიუწვდება ხელი ეწვიოს საგამოფენო სივრცეს. ამით ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელოვნების საყოველთაო ხელმისაწვდომობის იდეას.
პირდაპირი ჩართვა გამოფენის გახსნიდან (ლაივსტრიმი)
ამ ახალი გამოფენის გასახსნელად სამშაბათს, 11 თებერვალს 14.30 საათზე ჩვენ მოვაწყვეთ ერთდღიანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვნებას ციფრულ გარემოში.
ლაივსტრიმის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქვე ან თუ ეწვევით გამოფენის პლატფორმას.